Gardabani / გარდაბანი
გარდაბნის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი (GIGAP)
„გარდაბნის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი“ (GIGAP) ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი) ახალი ერთობლივი კვლევითი პროექტია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ელენა როვა (იტალიური მხრიდან) და მარიამ ელოშვილი (ქართული მხრიდან).
პროექტის საკვლევი ტერიტორიაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლი) სამხრეთი ნაწილი, აზერბაიჯანის საზღვართან, მდ. მტკვარსა და მრავალწყაროს ფერად მთებს შორის მოქცეული ტერიტორია, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთს შორის საზღვარს წარმოადგენს. აღნიშნული ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი ხასიათდება ნაყოფიერი და ინტენსიურად კულტივირებადი მტკვრის დაბლობით, ხოლო აღმოსავლეთი - უფრო არიდული და მთაგორიანი ლანდშაფტით. სამხრეთ ნაწილში, ამ ტერიტორიების კვეთასა და ამავდროულად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს ჯანდარის ხელოვნური ტბა.
მეზობელი რეგიონებისგნა განსხვავებით, ეს ტერიტორია არქეოლოგიურად ნაკლებადაა შესწავლილი. მიუხედავად ამისა, მისი სტრატეგიული მდებარეობა საკმაოდ ყურადსაღებია - ერთი მხრივ, იგი წარმოადგენს ბუნებრივ დერეფანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მეორე მხრივ კი, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სამხრეთით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი გვიან ხალკოლითური ძეგლები სოიუქ ბულაქი (Soyuk Bulaq) და ბოიუქ ქესიქი (Boyuk Kesik), ხოლო დასავლეთით, მარნეულის დაბლობზე და აღმოსავლეთით, უდაბნოს ტერიტორიაზე მრავალი სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი ძეგლია აღმოჩენილი, ამ ტერიტორიას არქეოლოგიურად მაღალი პოტენციალი აქვს.
„გარდაბნის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის“ ფარგლებში ჩატარდება არქეოლოგიური გათხრები და დაზვერვები, სამუზეუმო სამუშაოები და პალეოგარემოს კვლევა. პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნულ ტერიტორიასა და ბუნებრივ გარემოში მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფებს შორის ცვალებადი ურთიერთობების გრძელვადიანი დიაქრონული პერსპექტივის რეკონსტრუქციას, ისევე როგორც მოხდა პროექტების GISKAP (ქართულ-იტალიური შიდა ქართლის არქეოლოგიური პროექტი) და GILAP (ქართულ-იტალიური ლაგოდეხის არქეოლოგიური პროექტი) ფარგლებში. პროექტი არის მრავალპროფილური და ინტერდისციპლინარული, რაც გულისხმობს ქართველი და იტალიელი მკვლევრების, დოქტორანტებისა და სტუდენტების, ასევე სხვადასხვა დისციპლინის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას საქართველოში ჩატარებულ ყოველწლიურ სამუშაოებსა და მათთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებში (ლაბორატორიული ანალიზი და ა.შ.).
2024 წელს დაიწყება რეგულარული საველე სამუშაოები. უპირველეს ყოვლისა, გაითხრება სოფ. ლემშვენიერას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ყორღანული ველი, სადაც 2023 წლის აგვისტოში ჩატარებული საველე სამუშაოების დროს გამოვლინდა 60-ზე მეტი ყორღანი. გარდა ამისა, დაიწყება გარშემო ტერიტორიის სისტემატური დაზვერვა.
საიტები
გარდაბნის ყორღანული ველი
გარდაბნის ყორღანული ველი ქალაქ გარდაბნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ყორღანული ველი პატარა პლატოზეა წარმოქმნილი, რომელიც შემოსაზღვრულია მდინარეებით - ჯანგირსუ (ჩრდილოეთით) და გეზალდერე (სამხრეთით). პლატოს სამხრეთით ესაზღვრება მცირე ზომის ქედი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრამდე ვრცელდება. იგი დაახლოებით 40 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, დახრილია ჩრდილოაღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, ხოლო ზღვის დონიდან მდებარეობს 420-435 მეტრზე.
რეგიონში არის მშრალი კლიმატი. დღესდღეობით, ტერიტორია არ არის კულტივირებული და არ გვხვდება ტყე. ამ ტერიტორიაზე შეიმჩნევა ბალახის დაბალი საფარი, რომელსაც ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწყემსები საძოვრად იყენებენ. თუმცა, საბჭოთა პერიოდში ეს ტერიტორია უფრო ინტენსიურად იყო ათვისებული, რისი მაჩვენებელიცაა რამდენიმე ფერმის ნაშთი, რომელთაგან ერთი მდებარეობს ყორღანული ველის სიახლოვეს, სამხრეთით, ხოლო მეორე, შედარებით უფრო დიდი ფერმა კი - 2 კმ-ის დაშორებით, ასევე სამხრეთით. გარდა ამისა, ვხვდებით სარწყავი არხებისა და პატარა წყლის რეზერვუარების ნაშთებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობა საკმაოდ დაწინაურებული იყო. მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი დაფარულია სამხედრო წვრთნების შედეგად დატოვებული ორმოებით, ზოგიერთი ყორღანიც დაზიანებულია წვრთნების დროს. აღსანიშნავია, რომ აქ წლების განმავლობაში მდებარეობდა სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი.
ჩვენი ჯგუფი მას პირველად 2021 წლის ოქტომბერში ესტუმრა, ხოლო 2023 წელს ჩატარდა წინასწარული საველე სამუშაოები, რის შედეგადაც 63 ყორღანი და არაერთი არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინდა, რომლებიც დატანილ იქნა რუკაზე. ყორღანთა უმეტესობა მდებარეობს პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მათი გავრცელება არაერთგვაროვანია და შეიძლება გამოიყოს ყორღანთა ცალკეული ჯგუფები. მათ შორის აღსანიშნავია საკვლევი არეალის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ყორღანთა ყველაზე დიდი კონცენტრაცია, რომელიც 27 ყორღანისგან შედგება. კიდევ ერთ ასეთ ყორღანთა კონცენტრაციას ვხვდებით პირველი ჯგუფისგან დაახ. 100 მ-ის მოშორებით, ჩრდილო-დასავლეთით და მასში 18 ყორღანი ერთიანდება.
ყორღანები, ძირითად შემთხვევაში, არის პატარა (რომელთა დიამეტრი 5-30 მს შორის მერყეობს) და სიმაღლეში 3 მ-ზე დაბალი. როგორც ჩანს, ისინი ბუნებრივ ნიადაგზე უნდა იყოს გამართული, რაც გულისხმობს რომ ყორღანების აგებამდე, ტერიტორიაზე არანაირი სამოსახლო კვალი არ ჩანს. ისინი დაფარულია საშუალო და მცირე ზომის მდინარეული ქვებისგან შედგენილი ქვაყრილით. მათი უმეტესობა კარგადაა შემონახული და შეიმჩნევა დაზიანების მხოლოდ მცირე კვალი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დაზიანებულია საბჭოთა პერიოდის სამხედრო დანიშნულების სატრიანგულაციო ნიშნულებით. ყორღანების ზედა ნაწილი ხშირ შემთხვევაში ჩავარდნილია, რაც დასაკრძალავი კამერის ნგრევას უნდა გამოეწვია. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, ზოგიერთი ყორღანი შემოსაზღვრული უნდა იყოს დიდი ზომის მიწაყრილით ან ქვაყრილით.
ყორღანების ქრონოლოგიურ პერიოდზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან დღემდე, ყორღანებზე ან მათ გარშემო, ობსიდიანის რამდენიმე პატარა ანატკეცის გარდა არაფერი აღმოჩენილა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ძეგლიდან 15 კმ-ის დაშორებით, სამხრეთით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს სოიუქ ბულაქი (Soyuk Bulaq) გვიან ხალკოლითური ძეგლი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარდაბნის რამდენიმე ყორღანი მისი თანადროული იყოს. მეორე მხრივ, მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო მეტად შუა ბრინჯაოსა და გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის პერიოდის ყორღანებია გავრცელებული. ეს ეპოქა, ზოგადად სამხრეთ კავკასიაში, ხასიათდება პატარა ყორღანებით.
გარდაბნის ყორღანული ველის სისტემატური გათხრები დაიწყება 2024 წლის ზაფხულიდან. ძეგლი საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოოთ ინტეგრირებული კვლევები და შევისწავლოთ ფართომასშტაბიანი სამაროვანი. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ცალკეული ყორღანების გამოკვლევას არადესტრუქციული მეთოდის გამოყენებით (დისტანციური ზონდირება და გეოფიზიკური პროსპექცია), რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ კავშირი სხვადასხვა ყორღანს, მეორად სამარხებსა და სხვა შესაძლო დამხმარე სტრუქტურებს შორის. გარდა ამისა, გათხრების დროს გათვალისწინებული იქნება მიკროარქეოლოგიური მეთოდი, რაც გულისხმობს ნიმუშების აღებას ბიოარქეოლოგიური, არქეომეტრიული ანალიზებისა და პალეოგარემოს კვლევისთვის.
გარდაბანის დაზვერვები
გარდაბანის მუნიციპალიტეტი მოიცავს 1,212.2 კმ(2) ტერიტორიას თბილისიადან, დღევანდელი აზერბაიჯანის საზღვართან. ჩვენი დაზვერვები ფოკუსირებულია მხოლოდ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, დღევანდელი რუსთავის სამხრეთ ნაწილსა და მდ.
მტკვრის შუა წელსა და მრავალწყაროს "ფერადი მთებს" შორის ტერიტორიაზე.
ეს რეგიონი არასდროს ყოფილა სისტემატიური კვლევის საგანი, თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ წინა წლებში ჩატარებულა დაზვერვითი სამუშაოები, რომელსაც სხვადასხვა დროს აწარმოებდან რუსთავის ისტორიული მუზეუმი, გარდაბნის ისტორიული მუზეუმი და ქართულ-კანადური GRAPE-ის პროექტი.
მოცემულ არეალს სავარაუდოდ აქვს ძალიან დიდი არქეოლოგიური პოტენციალი, პრეისტორიული არქეოლოგიის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მთელი რეგიონის მიმდებარე ტერიტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქ არის სხვადსხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილი: ცნობილია ადრე ხალკოლითური ძეგლები "ბუიუქ ქესიქი" და "სოიუქ ბულაქი", ხოლო "უდაბნოში"-ში რკინის ხანის ძეგლი, 15კმ მდებარეობს მარნეულის რეგიონი სადაც ბევრი სხვადასხვა პერიოდის ძეგლი დასტურდება, ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე.
რეგიონის ლანდშაფტი არაერთგვაროვანია და მოიცავს სამ განსხვავებულ ბუნებრივ და გეომორფოლოგიურ გარემოს.
მის დასავლეთ ნაწილს ახასიათებს ფართო დაბლობი მდ.მტკვრის გასწვრივ, რომელიც ახლა არის ინტენსიურად დამუშავებული, ხოლო ჩრდ.
მხარე საკმაოდ დაზიანებულია თანამედროვე ინდუსტრიული ინფრასტრუქტურით.
მთელი ველი მოიცავს მდელოებს, დაბალი ტყესა და ბუჩქნარს, რომელიც მიმოფანტულია მათ ირგვლივ.
აღმოსავლეთ ნაწილში ვრცელდება ნახევრად უდაბნო და გლუვი ბორცვები, რომელიც სრულად გახლავთ მოკლებული ხეებისგან.
საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 450მ.
ყორღანული ველი, რომლის შესწავლაც იგეგმება 2024 წელს ქართულ-იტალიური ექსპედიციის მიერ მდებარეობს ნახევრად უდაბნოს ტერიტორიაზე.
რეგიონის ამ ნაწილში თანამედროვე სოფლები არ გახლავთ წარმოდგენილი: საბჭოთა პერიოდში ეს ტერიტორია გამოიყენებდა როგორც სამხედრო ბაზისთვის, ასევე ფართო მასშტაბიანი ინტენსიური მესაქონლეობისთვის, ახლა მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება.
რაც შეეხება რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს, იგი ხასიათდება დაბალი მთებით, და ცნობილია როგორც „ფერადი მთების“ სახელით, მაქსიმალური სიმაღლით ზღვის დონიდან დაახლოებით 800მ. სწორედ ეს წარმოადგენს საზღვარს ქვემო ქართლსა და კახეთს შორის.
2023 წლის შემოდგომაზე შერჩეული ტერიტორიის წინასწარმა დაზვერვამ ხაზი გაუსვა უცნობი პერიოდის ყორღანებისა და გვიან ბრინჯაო- ადრე რკინის პერიოდის შესაძლო დასახლების არსებობას.
სისტემატიური დაზვერვების პირველი სეზონი დაგეგმილია 2024 წლის შემოდგომაზე GIGAD-გუნდის მიერ სტეფანია ფიიროსა და ალპერ ასლანთან (კილისა და ტორინის უნივერსიტეტების დოქტორანტები) თანამშრომლობით.
გეომორფოლოგიური კვლევის წყალობით, ვრცელი და ინტენსიური დაზვერვითი სამუშაოებით, ექსპედიცია მიზნად ისახავს შერჩეული ტერიტორიის ყველა ხილული არქეოლოგიური ძეგლის რუკაზე დატანას.
მოცემული კვლევა, აგრეთვე მიზნად ისახავს სხვადსხვა რეგიონს (დიდი და პატარა დასახლებები ა.შ.) შორის კავშირის გარკვევას, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და მეზობელი რეგიონების მცხოვრებთა შორის ურთიერთობების განვითარებას ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე.